logo
ENG



"ეს იქნება განხილვის თემა კობახიძისა და შოლცის შეხვედრაზე" - გერმანიის ელჩი რუსულ კანონზე

11 აპრ 202413:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/11/lrttgjomx8g66i1.png

საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონპროექტი იქნება განხილვის მთავარი თემა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და გერმანიის კანცლერს შორის შეხვედრის დროს. 

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიაში დღეს გაემგზავრა. ის გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ხვალ, 12 აპრილს შეხვდება.

ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია "სერიოზულ შეშფოთებას" გამოხატავს კანონპროექტის ინიცირების გამო და აღნიშნავს, რომ კანონპროექტი არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც არის ევროკავშირში.

"გერმანია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ამ კანონპროექტის შესახებ, ეს არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც გვაქვს ევროკავშირში. ჩვენ გვსურს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის უნდა დაიცვას ჩვენი სტანდარტები. ეს იქნება განხილვის თემა პრემიერ-მინისტრ კობახიძესა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა